„წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“- ირაკლი ღარიბაშვილი

„გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე, ევროპულ საბჭოს ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, რაც რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში და საქართველო დაისაჯა მშვიდობისთვის.

,,აქვე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს ომი არ არის საქართველოში? ეს როგორ გავიგოთ მეგობრებო?! პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო დარბაზში ხმაური მოჰყვა. დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი დაიწყეს და პრემიერს კითხვით მიმართეს- ,,ე.ი. ევროპას უნდა ომი საქართველოში?”.

„წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, – ასე უპასუხა ღარიბაშვილმა თაკო ჩარკვიანის რეპლიკას.

მსგავსი თემები