“დღევანდელი დღე არის ფილტრაცია… სირცხვილი საერთოდ გაქრა?!” – მამა პეტრე 12 მაისის აქციაზე

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ​მამა პეტრე, თბილისის რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ იმ ადგილას, სადაც 1989 წლის 9 აპრილს, 14-15 წლის ახალგაზრდები, მარო მაყაშვილის ნაფეხურებს მიყვებოდნენ, დღევანდელი თაობა ვისი ნაფეხურებით, ან სად მიდის, გაურკვეველია.

მამა პეტრე არსებულ ვითარებაში თანაბრად ხედავს მამათა თაობის დანაშაულსაც და პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც საკუთარი სისუსტის, სიმხდალის, უსუსურობის, უპერსპექტივობის მონებად ქცეულან.

​როგორც პეტრე კოლხი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, დღეს სურდა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისვლა და სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის დაგმობა, მაგრამ, როდესაც პროტესტანტებს დააკვირდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ქვეყანას მართავს ორი ძალა, მოძალადეები და წამალდამოკიდებულები.

​მამა პეტრეს შეფასებით, 12 მაისის აქცია არის ერთგვარი ფილტრაცია. “მოწეულები” ისე ამაყად დააბიჯებენ  ეკა ბეჟანიშვილის, მამუკა ქარსელაძის და სხვათა სისხლით მორწყულ რუსთაველზე, თავი გმირები ჰგონიათ. ტაშსაც ომახიანად უკრავენ ერთმანეთს ეს “ნიჭიერი” ახალგაზრდები… სირცხვილი საერთოდ გაქრა?!” – წერს მამა პეტრე და აქციაზე შეკრებილებს მოუწოდებს პირველ რიგში დეგრადირებული აზროვნებისგან გათავისუფლდნენ, რომ მიიღონ მისი მხარდაჭერა შინაგანი თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

“დავფიქრდი, რომ მივსულიყავი რა მოხდებოდა… ალბათ, არაფერი… ვიდგებოდი ისე, როგორც რუსთაველზე აღმართული ჭადრები, ან უბრალოდ, ქაშვეთი, რომელიც დუმილით საუბრობს… სათქმელი აუცილებლად მექნებოდა, მაგრამ ვინ მალაპარაკებდა, რომც მესაუბრა, შაგრენის ტყავივით დამგლეჯდნენ… კი, ის თაობა გამატყავებდა, თავისუფლებას რომ გაჰყვირის… რა პარადოქსია, 9 აპრილის ღამესაც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ… სისხლიც დაღვარეს, მათი მომავალი ამ თაობის ნამდვილ თავისუფლებას შესწირეს და იმისთვის, რომ დაბოლილებს ისევ თავისუფლება ეყვირათ?!

არა, “თქვენ სიკვდილის რა ღირსი ხართ”… ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩვენი… ჩვენი… ან ზედმეტი აკრძალვის მსხვერპლი გახდით, ან ზედმეტად თავისუფლებმა ყველაფრის შეგრძნება დაკარგეთ და ,,მოწეულები” ისე ამაყად დააბიჯებდით ეკა ბეჟანიშვილის, მამუკა ქარსელაძის და სხვათა სისხლით მორწყულ რუსთაველზე, თავი გმირები გეგონათ… ტაშსაც ომახიანად უკრავდით ერთმანეთს და მთლიანობაში ერთმანეთს კარგადაც “აბოლებდით“…

თვალზე მომდგარ ცრემლს უკან ვაბრუნებდი, ამდენ გაუბედურებულ, დასნეულებულ, მომავალწართმეულ ახალგაზრდას რომ ვხედავდი… არ არის თქვენი ბრალი-ჩვენი ბრალია, ჩვენი, ჩვენი…
მშობლების მხარში დგომა რომ გჭირდებოდათ, ისინი თქვენს თვალწინ ერთმანეთს ხოცავდნენ, თქვენ კი კარს მიხურავდით და გამოსავლის ძებნაში სიცოცხლე არ გინდებოდათ… თუ ერთმანეთს არ უღებდნენ ბოლოს, ემიგრაციაში იყვნენ და მშობლების მონატრებას, მათ მიერ გამოგზავნილი ფულით კლუბში “იხრჩობოდით“…

სულის ტკივილი თუ შეგაწუხებდათ, ეკლესიას მიაშურებდით. იქ კი, სვირინგების, პირსინგების გამო გარეთ გიშვებდნენ… ამას მიზეზად იყენებდით და დარდის გასაქარწყლებლად ისევ კლუბს მიაშურებდით…  საბოლოოდ კი ურწმუნოებაში, ნიჰილიზმში, სასოწარკვეთაში ერთი დღით ცხოვრობდით და იმ ერთ დღესაც ნარკოტიკი გართმევდათ… ერთმანეთს სიძლიერეს უმტკიცებდით, სინამდვილეში სისუსტის გეშინოდათ, რეალობას თვალს ვერ უსწორებდით და ილუზიაში ცხოვრობდით…
ნუ ყვირით თავისუფლებას, მონები ხართ, მონები, მონები… საკუთარი სისუსტის, სიმხდალის, უსუსურობის, უმომავლობის მონები…

თქვენ ყველაფერი გაქვთ და ვერაფერი დააფასეთ, ვერაფერი დაინახეთ, უმადურები, დაუნახავები გახდით… თავი მოიტყუეთ და გეგონათ სხვებსაც მოატყუებდით… დედის სისხლის ცრემლით უცხოობაში მოპოვებულ ფულს, დაუფიქრებლად “ყლაპავდით” ან ვენაში უშვებდით…  თავისუფლებას ყვირით?! ვინ გზღუდავთ… ვის ემსხვერპლებით?! კი, ნამდვილად უნდა მოიპოვოთ თავისუფლება, საკუთარი თავისგან, საკუთარი დეგრადირებული აზრისგან, საკუთარი ფსიქიკისგან… მაშინ კი, აუცილებლად დავდგები თქვენს გვერდით და ერთად ვიბრძოლებთ შინაგანი თავისუფლებისთვის… მანამდე კი დემაგოგობთ… რა მოწიეთ ასეთი…”, – წერს მამა პეტრე.

მსგავსი თემები