“3-გაჩერებაში პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე” – სიტუაცია ლურჯ ავტობუსში


თბილისის N37 მარშრუტზე მოძრავი ლურჯი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის შესახებ მოქალაქე გოგი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს. იგი ინტერნეტმომხმარებლებს უზიარებს დადებით განწყობას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მიიღო. 

ლურჯი ავტობუსის მძღოლი, მთელი დღის განმავლობაში, მგზავრებს მიკროფონით ესაუბრებოდა, უდიდესი ტაქტით და იუმორით მოუწოდებდა მათ ბილეთების აღებისკენ და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას სთავაზობდა. 

​გოგი ლორთქიფანიძე ავტობუსის მძღოლს მადლობას უხდის პოზიტივისთვის, რამაც ერთი ჩვეულებრივი დღე მგზავრებს გაულამაზა.  

“კაცი პოზიტივი. ლურჯი ავტობუსით ვიმგზავრე დღეს. მძღოლი იყო ფანტასტიკა. გარეთ რუხი, დაღვრემილი ადამიანები დადიოდნენ და მეც ეგეთი ავედი ავტობუსში. ავედი და მოღიმარე სახეები დამხვდა. ერთ წუთში მეც ვიცინოდი. მძღოლი მიკროფონით გვესაუბრებოდა: უდიდესი ტაქტით და იუმორით მოგვიწოდებდა ბილეთების აღებას, მოახლოებულ გაჩერებაზე შემმოწმებლების ამოსვლას აანონსებდა და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას გვთავაზობდა. შემმოწმებლებს კი წინასწარ, გარე დინამიკებით, ამცნო რომ კეთილსინდისერი მგზავრებით იყო დახუნძლული…
ბოლო გაჩერებაზე ყველა დაგვლოცა, ბედნიერი დღე გვისურვა და ღიმილიანი სახით გამოგვაცილა.
ალალი კაცი, ალალი გული და ავტობუსის სამ გაჩერებაში, პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე. მადლობა პატივცემულო”, – წერს გოგი ლორთქიფანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ავტობუსის მძღოლის ფოტოს აქვეყნებს. 

“მედიაცენტრი მთავარი” დაინტერესდა ამ ადამიანის ვინაობით. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, საუბარია კომპანიის თანამშრომელზე, 63 წლის კოტე თაბაგარზე. ის სატრანსპორტო კომპანიაში 1982 წლიდან მუშაობს, არის მეორე ავტობაზის მძღოლი. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

მსგავსი თემები