„საქმეების გარჩევა“ სპორტულ სამყაროში, რატომ სცემეს გუნდის კაპიტანს – ინტერვიუ ზურაბ დათუნაშვილთან

მოჭიდავის ცემისთვის დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, ის ისევ ფედერაციის პრეზიდენტი იქნება. დაზარალებული, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი კი ითხოვს, რომ გეგეშიძემ და მისმა გარემოცვამ ჭიდაობის ფედერაცია დატოვონ. ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებთან და კონკრეტულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ ზურაბ დათუნაშვილი ესაუბრა.

„მედიაცენტრი მთავარი”: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენს გარდა, გეგა გეგეშიძის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი თქვენივე კოლეგა გოჩა კირკიტაძეც გახდა. ადასტურებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს თქვენს გარდა, ფიზიკური დაპირისპირება სხვებთანაც ჰქონდა?

ზურაბ დათუნაშვილი: გოჩა კირკიტაძე თვითონაც ადასტურებდა, რომ გეგეშიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს.

„მედიაცენტრი მთავარი”: რა არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის ურთიერთობა ფიზიკური დაპირისპირებამდე მიდის?

ზურაბ დათუნაშვილი: ჩემი აზრით, ამ ადამიანებს განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდათ. ვისგანაც განსხვავებულ აზრს მოისმენენ, ის ადამიანი მტრად წარმოუდგენიათ, რის შემდეგაც ხდება ასეთი სპორტსმენის დაბლოკვა და ასე შემდეგ.

„მედიაცენტრი მთავარი“: აზრთა სხვადასხვაობა რა საკითხებს ეხება, რის გამოც უკმაყოფილება იზრდება. ფედერაციის მმართველ გუნდსა და ფედერაციის წევრებს სხვადასხვა მიზნები გაქვთ?

ზურაბ დათუნაშვილი: აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეზე გვაქვს. მაგალითად, ფედერაციის ნაკრებში მთავარ მწვრთნელს და მის შტაბს არ უნდა ჰყავდეს პირადი მოსწავლეები. ამ მწვრთნელებს და ხელმძღვანელს ასეთი აზრი არ მოსწონთ. არადა, როცა მოდიოდნენ ფედერაციაში, ზუსტად ამაზე შევთანხმდით, რომ უნდა ყოფილიყო ასე. ასევე, სხვადასხვა ტურნირებზე უნდათ არასწორი მეთოდებით წაიყვანონ თავიანთი მოსწავლეები და ა.შ. ამის გაგება თქვენთვის შეიძლება რთულია, მაგრამ ვინც სპორტში ჩახედულია, ყველა ყველაფერს ხვდება.

„მედიაცენტრი მთავარი“: თქვენ ითხოვთ გეგეშიძისა და მისი გარემოცვის თანამდებობიდან გადადგომას. არ ფიქრობთ, რომ თუკი მას სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თავისთავად ჩამოშორდება ფედერაციას?

ზურაბ დათუნაშვილი: ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდება. „მედიაცენტრი მთავარი“: თქვენ გყავთ თანამოაზრეები, მაგრამ მომხრეები ჰყავს ხელმძღვანელ გუნდსაც. ფედერაციის შიგნით უმცირესობაში ხომ არ ხართ? ზურაბ დათუნაშვილი: რა თქმა უნდა, თანამოაზრეები გეგეშიძესაც აღმოაჩნდებიან, მაგრამ სიმართლემ უნდა იზეიმოს.

„მედიაცენტრი მთავარი“: როგორც ცნობილია, სპორტის სასახლეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების უკან დგას მთელი რიგი მოვლენები, რის შემდეგაც უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდა. როგორც ვიცი, მანამდე თქვენ ნაკრებიდან წახვედით და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდით… საინტერესოა, წინ რა უძღოდა თქვენსა და გეგეშიძეს შორის დაპირისპირებას?

ზურაბ დათუნაშვილი: ვიყავი გუნდის კაპიტანი. ზაფხულის პერიოდში იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ერთ მოჭიდავეს ეკუთვნოდა წასვლა. ეს მოჭიდავე გეგეშიძის პირადი მოსწავლე არ არის. მას და შტაბს სურდათ, რომ ეს სპორტსმენი თავისი მოსწავლით ჩაენაცვლებინათ. ამ თემაზე მოხდა შეკრება, სადაც ითხოვდნენ რომ შანსი მისცემოდა იმ სპორტსმენს, რომელსაც წასვლა არ ეკუთვნოდა. მე, როგორც გუნდის კაპიტანს, მკითხეს აზრი თუ რას ვფიქრობდი და დავაფიქსირე ჩემი აზრი. ვუთხარი, რომ თქვენს მოსწავლეს წასვლა არ ეკუთვნის და ეკუთვნის იმას, ვინც დაიმსახურა. იმ სპორტსმენმა ტურნირებზე დაამტკიცა, რომ ჩემპიონატზე წასვლა ეკუთვნოდა. ჩემს ინტერესში კი არ იყო, ვინ წავიდოდა, არამედ, კაპიტანი ვარ და სიმართლე უნდა მეთქვა. აი, ამის შემდეგ დამბლოკეს.

„მედიაცენტრი მთავარი“: მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდენტი და მისი გუნდი ჩამოშორდება ორგანიზაციას, როგორ წარმოგიდგენიათ, ფედერაციაში შეიცვლება თუ არა ვითარება უკეთესობისკენ?

ზურაბ დათუნაშვილი: რა თქმა უნდა. ვისაც მოჭიდავეები პრეზიდენტად ავირჩევთ სამართლიანად, იმ ადამიანს ვეტყვით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად. ისიც იფიქრებს ამაზე და შეიცვლება ყველაფერი.

„მედიაცენტრი მთავარი“: უკვე იცით, ვინ შეიძლება იყოს ფედერაციის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა ექნება?

ზურაბ დათუნაშვილი: -ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბევრი ღირსეული ადამიანია მოჭიდავეებს შორის, რომელიც ამათ ჩამოაშორეს ჭიდაობას და ისინი ისევ გამოჩნდებიან.

P.S. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს. ის გირაოთი გაათავისუფლეს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ჩარტყმას და დაზიანების მიყენებას არ ადასტურებს. მისი განცხადებით, მას არავისთვის ჩაურტყამს, არც ჯაჭვი ჰქონია და არც ხელკეტი. თუმცა, მომხდარი დაპირისპირება კამერებმა გადაიღეს.

მსგავსი თემები