„გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა”- ევროკომისია

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი“,- ამის შესახებ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, დაუყონებლივ უნდა დასრულდეს  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა.

„გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა. სარგებლის მიღებისთვის პირადი ინტერესების აღმოფხვრა უნდა იყოს დიდი პრიორიტეტი. საქართველოს აქვს კარგად განვითარებული და დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მოსაზრება უფრო სისტემატიურად უნდა იქნას გათვალისწინებული. არსებობს სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმების სტრატეგიული ჩარჩო და მოიცავს დებულებებს ადგილობრივი მმართველობის გასაძლიერებლად. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმები, მაგრამ შემდგომმა ცვლილებებმა შეაჩერა ეს დადებითი ტენდენცია. საჭიროა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონსოლიდაცია და სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას.

„ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, მაშინაც კი, თუ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია ქვეყნის წინსვლა. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ ხარისხს ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკით და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და გარე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები ევროკავშირში კონკურენციის ზეწოლასთან გამკლავების მიზნით, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ადამიანური კაპიტალი (განსაკუთრებით განათლების რეფორმის გზით), რათა უზრუნველყოს უნარები შრომის ბაზრისთვის და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის გენერირებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ასევე გლობალურ საწარმო-სავაჭრო ჯაჭვთან წვდომა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი თემები