,,ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას”- ირაკლი კობახიძე

,,კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება არსებულმა არაორდინალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა.

,,რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს.

კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა,”- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები