მოჭიდავის ცემისთვის დაკავებული პრეზიდენტი გაათავისუფლეს და პრეზიდენტად დატოვეს

„ფედერაციიდან ჩემი ჩამოშორება ფედერაციას და ქვეყანას ჩამონგრევას“ – ასე მიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოსამართლეს, რის შემდეგაც, სასამართლომ მისი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოძიება გეგა გეგეშიძის მიერ ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო.

სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. გეგა გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. თავისუფლებასთან ერთად, მას სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსიც შეუნარჩუნა.

ხვალიდან, გეგეშიძე პრეზიდენტობას ისევ გააგრძელებს, თუმცა, ბრალდებულის სტატუსით. მისი მხარდამჭერი მოჭიდავეები კი აცხადებენ, რომ გირაო არაფერია, მთავარია ის, რომ გეგეშიძე პრეზიდენტად რჩება.

ორი დღის წინ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. პრეზიდენტისთვის გამოტანილი სანქცია კი საბოლოოდ, 48 საათიანი პატიმრობა და 5 000 ლარიანი გირაო აღმოჩნდა.

მსგავსი თემები