,,უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.

ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს დასაზიანებელი განცხადებები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება.

„სწორედ ეს განცხადებები, რომლებიც მრავლად გვაქვს ნანახი, მათ შორის პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გარკვეული განწყობების შექმნას უნდა მოხმარებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოეთხოვა მეტი კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, მათ შორის პირდაპირი მოწოდებები, რომ ცხინვალის რეგიონში დროა უკვე საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, რაც პირდაპირ საომარ მოქმედებებში შესვლას ნიშნავს, განცხადებები, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, იარაღით და მისი კომპონენტებით ამარაგებს რუსეთს და ასე შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. ეს უკვე შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართული, შურისძიებითი ქმედებაა საქართველოს დასაზიანებლად. ამავდროულად, მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მათთან პირდაპირ კავშირშია და ალბათ თავის დროზე ისინი აძლევდნენ იმედს, რომ საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი, გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ. ეს არის მთელი ამ ანტიქართული პოლიტიკის შინაარსი. მსოფლიოში ერთ ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომელიც საქართველოში უკვე კარგადაა აპრობირებული, ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი და რეალური მოვლენების შეფასება, არამედ აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული „რეალობის“ წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება ყოველგვარი საბუთის გარეშე ასეთი მძიმე ბრალდებების განუწყვეტელი პროპაგანდა. ქართული ანდაზაცაა – შეძახილმა ხე გაახმოო, რაღაცაზე მუდმივად უარყოფითი და ცუდი უნდა ილაპარაკო, თუ გინდა, საბოლოო ჯამში, დააჯერო. ტყუილი უნდა იყოს ტოტალური, მასობრივი და რაც შეიძლება რადიკალური – ასეთ შემთხვევაში ადამიანს და საზოგადოებას ყველაფერს დააჯერებ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით არახამიას განცხადებით, სანქციების ასარიდებლად რუსეთის მოქალაქეები ქართულ კომპანიებს იყენებენ

მსგავსი თემები