„დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი“ – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგი საფრანგეთი და გერმანია იყო. როგორც რასმუსენი განმარტავს, დიდი შეცდომა იყო, რომ  უკრაინისა და საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე უარი უთხრეს.

„დიდი შეცდომა იყო, როდესაც უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი. აღნიშნულზე  ჩვენ ნატო-ში ვერ შევთანხმდით. მე ვიყავი მომხრე, აშშ-ის პრეზიდენტი იყო მომხრე, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ასე, რომ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ მოვახერხეთ“ – აცხადებს რასმუსენი.

მისივე შეფასებით, განცხადებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, პუტინი განარისხა.

„პუტინი განრისხდა და 2008 წელს, ბუქარესტში ჩვენი სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, საკვანძო გზავნილი გაგზავნა, როდესაც საქართველოს შეუტია და მოახდინა ამ ქვეყნის რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ოკუპირება. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი შეცდომა, რადგან პუტინს გავუგზავნეთ სიგნალი ნატო-ში განხეთქილების თაობაზე“ – აცხადებს რასმუსენი.

მსგავსი თემები