პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატრიარქთან პირადი შეხვედრა სურდა და საპატრიარქოს აღნიშნული არ უნდა გაესაჯაროებინა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან უნდა იცოდეს, პრეზიდენტი და პატრიარქი როგორ მოიხსენიოს.

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პასუხობს. შეგახსენებთ, რომ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

„პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს. პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები