ვირუსით ინფიცირებულები ძირითადად 5 წლამდე ბავშვები არიან

„2022 წელი გამორჩეულია გრიპის მკვეთრი რაოდენობით. წელს, სეზონური ვირუსები განსხვავებული დინამიკით ხასიათდება“ – აღნიშნა   იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან.“

როგორც თსსუ-ის პროფესორი განმარტავს,  ვირუსულმა დაავადებამ ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის პერიოდში გადაინაცვლა.

„2022 წელი არის გამორჩეული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამის უკან დგას 2 განსხვავებული ნიშანი, რაც არასდროს ყოფილა. პირველი – ეს არის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მკვეთრი მატება. სტატისტიკით, საქართველოში ამ დაავადებების პიკი დეკემბერ-იანვარია, თუმცა, წელს ეს პიკი მოვიდა მარტი-აპრილის პერიოდში. შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპიურ პერიოდს დაემთხვა.  უფრო მეტიც, მაისშიც კი ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევები.  ამიტომ, ერთი თავისებურება ეს არის გადანაცვლება გრიპისა და მსგავსი ვირუსული ინფექციების პიკი ზამთრიდან გაზაფხულის პერიოდზე და მეორე – შემთხვევების მკვეთრი რაოდენობა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულები ძირითადად 5 წლამდე ბავშვები არიან.

 

მსგავსი თემები