,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსამართალობა იქნება თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს ვერ მიიღებს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს სათანადო პასუხის გაცემა მოუწევს.
„თუ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს მძიმედ აისახება საზოგადოების განწყობაზე, დღეს არის 85 პროცენტიანი მხარდაჭერა ჩვენი წყალობით. ჩვენც იძულებული ვიქნებით გვქონდეს მძიმე რეაქცია თუ ასე მოხდა, მაგრამ არ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ უკრაინას, მოლდოვას ანიჭებს სტატუსს, მაგრამ არ ანიჭებს საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ამაზე პასუხის გაცემა და არგუმენტირებული იქნება ეს პასუხი,”- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ევროპის სახალხო პარტიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ EPP-ში არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება.
,,მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. ძირითადად, სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას. ეს არის EPP, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ასე ვთქვათ, ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში. საუბარია ნაცმოძრაობაზე და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა. ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში ანუ, კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპულ პარტიაში, მანამდე იქნება სერიოზული პრობლემები,”- განაცხადა კობახიძემ.