თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარიო ვარგას ლიოსა, საქართველოს მეუღლესთან ერთად სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. ეს კავკასიაში მისი პირველი ვიზიტი იქნება. თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან.

გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
 

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ, როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთ ამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1990 წელს მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. მწერალმა 1993 წელს პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არა ერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი – „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია). მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში -„საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი)

ღონისძიების ორგანიზატორია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი. მისი მიზანია, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელი შეუწყოს საქართველოს როგორც მსოფლიო ლიტერატურული და ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას.

მსგავსი თემები