,,თუ ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება”- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

,,უნდა გვესმოდეს, “ქართულო ოცნება” სამარცხვინოდ ატყუებს ჩვენს საზოგადოებას. მაგალითად, დაიწყო ღია პროპაგანდა გუშინ, მათ შორის “იმედმა” საკუთარი კვლევებით, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას ვინმე სთხოვს ომში ჩართვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოლდოვის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ძალიან ფრთხილი, მოზომილი, სწორედ საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე. დღეს ვხედავთ, ღიად არის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვას შესაძლოა, გაცილებით უკეთესი შანსი ჰქონდეს, ვიდრე საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილონ ყველა კრიტერიუმი რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. უპირობოდ რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ არსებობს, უნდა გვესმოდეს. ამ დროს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს არანაირი პირობების შესრულებას და შესაბამისად, ყველა ნაბიჯი და ყველა განცხადება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა გასული კვირების განმავლობაში მიზანმიმართულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება. ეს ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები