,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველო იმსახურებს. მისი თქმით, ქვეყანამ ამისთვის საკმარისი საფასური გადაიხადა.

„საქართველო თუ ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩა, თუმცა ამის არ მჯერა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს სამართლიანობიდან გამომდინარე, საქართველომ გადაიტანა ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ის უბედურება, რაც ჩვენ გზაზე შეგვხვდა – ომები, დაპირისპირება, ქიშპობა, რუსეთთან ერთი ომი, მეორე ომი, თუ ეს არ დაუფასდა საქართველოს და ქართველ ხალხს, ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობის დარწმუნება. დიახ, სწორედ ევროპაა სამართლიანობა, ევროპაა უკეთესი სტანდარტები, ევროპაა კონკურენცია და ევროპაა სიმართლე. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. დღეს უკრაინა იგივე ეტაპს გადის, აგრესიას რუსეთის მხრიდან, მაგრამ 2008 წელს საქართველო მარტო შერჩა ამ ურჩხულს. ყველამ კეთილი ინებოს, გაიაზროს და გაითავისოს. მხედველობაში არ მაქვს ფასიანი ლობისტები, კუბილიუსები და ასეთი პირები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. მივმართავ ყველა იმ ევროკომისიის წევრს, ევროპული საბჭოს წევრს აწონ-დაწონონ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ. კანდიდატის სტატუსს საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები