“გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო” – ექიმი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილს ტრავმა კისრის მიდამოში აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ დაზიანება სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო. აღნიშნული განცხადება ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

„დღეს მოხდა დამატებითი კვლევები და ექსპერტიზა გრძელდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, შემიძლია იგივე ვთქვა, რომ საქართველოში გამოცდილება არ არის. ეს არაადეკვატურმა მკურნალობამაც დაადასტურა და უპრიანი იქნება, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება ექნებათ. დასკვნაში მრავალი ფაქტორი იქნება განხილული, მათ შორის, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ის, თუ რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობისა და მართვის შედეგია“ – განაცხადა ჯიშკარიანმა მედიასთან კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

ჯიშკარიანის შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმდება.

„ექსპერტიზაში ჩართულია ნეიროქირურგი და გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო და ეს შედეგები ,,მრტ” კვლევაშიც ასახულია. სწორედ იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს რომ მკურნალობა, მართვა და ადამიანის მიმართ მოპყრობა არასათანადოა და ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გარკვეული პროფილით ამძიმებს“ – აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი.

 

მსგავსი თემები