,,ვხედავთ ავ სიხარულს, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, იქნებ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ევროკავშირის თემა განხეთქილების საფუძვლად აქციონ. მისი თქმით, ახლა საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდეს, დაარწმუნოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებლები, რომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გზავნილი კანდიდატის სტატუსზე.

„სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე არაპატრიოტული ნაბიჯი ოპონენტების ნაწილის მხრიდან, როცა ევროკავშირის თემას განხეთქილების თემად აქცევენ. დღეს რაც ჩვენ გვჭირდება არის თანხმობა და ერთიანობა. ახლა თითოეული პარტია და მოქალაქე უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით ცდილობდეს, დაარწმუნოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებლები, რომ დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გზავნილი კანდიდატის სტატუსზე. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ამის ნაცვლად, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არის მცდელობა, რამენაირად ამ პროცესს ხელი შეუშალონ. განცხადებებითაც ვხვდებით, თუ რა საკითხებზე ესაუბრებიან ოპოზიციონერები უცხოელ კოლეგებს. ვხედავთ იმ ავ სიხარულს, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს იმის მოლოდინში, რომ იქნებ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ. ყველაზე სამწუხარო და არაპატრიოტულია ის ავი სიხარული, რომელიც მათ განცხადებებში იკვეთება. საქართველო, როგორც ინსტიტუციურად, ასევე პოლიტიკურად მზად არის, ეს სტატუსი მიიღოს. ჩვენი ბრძოლა აჩვენებს, რომ მისი ბრძოლა იმსახურებს იყოს დანახული და დაფასებული. ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება დანახული და დაფასებული იქნება ისევე, როგორც ჩვენი ხალხის ბრძოლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები