,,ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში”- გია ცაგარეიშვილი

უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას ეხმიანება. მისი განცხადებით, ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში.

ცაგარეიშვილის განმარტებით, გარკვეული მოძრაობები ქვეყანაში არეულობის მოწყობას და საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.

„ეს არის შეთქმულების თეორია, საფრთხე ქვეყნის წინაშე. ყველაფერი დაიწყო ბაკურიანში, ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან ამ მიტინგს სათავეში. დაიწყო მოძრაობები, რომ როგორმე ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს, არ ვიყოთ დამშვიდებული, არ ვფიქრობდეთ ჩვენს მოქალაქეებზე, ვფიქრობდეთ უბედურებაზე, საქართველოს ომში ჩართვაზე. ამას აკეთებენ სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ, ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, სახელიც კარგად მოუფიქრებიათ თავისი ორგანიზაციისთვის – „სირცხვილია“. პირადად მე ამ ადამიანების გვერდზე გამოჩენის შემრცხვებოდა. „სირცხვილია“ თუ არა სირცხვილია, რა სახელიც არ უნდა მოიფიქრონ, ყველა შემთხვევაში არის კეზერაშვილის ან სააკაშვილის ხელიდან დაპურებული „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება. ამ ადამიანების აზროვნება მიმართულია ერთი რაღაცისკენ – ერთ ადამიანს ავნონ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები