,,სახელმწიფო საზღვრის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ”- ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი აცხადებს, რომ ბრალდებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა დანაშაული ჩაიდინეს. მისი განმარტებით, ბრალდებულების მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რაც დადასტურებულია  ბრალდების მხარეს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით.

„დღეს წარმოდგენილმა მოწმეებმა გაამყარეს ბრალდების მხარის პოზიცია. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ასევე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომელიც მონაწილეობას იღებდა კომისიის ორმხრივ შეხვედრებში. მათ აღწერეს ის ფუნქციები და ის მოვალეობები, რომელიც კომისიის წევრების წინაშე იმ მომენტისთვის იყო და მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ის ალბომები, რაც საფუძვლად ედებოდა ორმხრივ შეთანხმებებს, შედგენილი იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ სწორედ ბრალდებულების მონაწილეობით. სწორედ ეს ქმედება და მათ მიერ შეთანხმებული, გამოხატული სახელმწიფო პოზიცია საბოლოო ჯამში არღვევდა სახელმწიფო ინტერესს იმგვარად, რომ საფრთხე ექმნებოდა სახელმწიფო ტერიტორიის ხელშეუხებლობას. სწორედ ამიტომ, ეს კონკრეტული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მტკიცებულებებია, ვინაიდან კომისიაში გამოიკვეთა კონკრეტული წევრები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ. კომისიის წევრებს გააჩნდათ თავიანთი ფუნქცია და მოვალეობები, ისინი ჩართული იყვნენ თანამდებობრივად და კონკრეტული კომპეტენცია გააჩნდათ. საზღვრის დადგენის მომენტში, ვგულისხმობ კარტოგრაფიულ ნაწილში, საზღვრის დადგენის ნაწილში და ამ საკითხში კომპეტენტურები იყვნენ წარმოდგენილი ბრალდებულები. სწორედ ეს გახლავთ სახელმწიფო ბრალდება, რომ სწორედ ის პირები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ბრალდებულის სტატუსით არიან წარმოდგენილი, მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ტერიტორიის ხელშეუხებლობის დარღვევისკენ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც კატეგორიული და ცალსახაა. კომისიას სრული, სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა ეხელმძღვანელა საქართველოს პოზიციების გამომხატველი საუკეთესო რუკებით, რაც ამ შემთხვევაში გაკეთებული არ იყო და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ საზღვრის შეთანხმებისაკენ, რაც დადასტურებული აქვს ბრალდების მხარეს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით“,- განაცხადა საქმის პროკურორმა.

მსგავსი თემები