პროკურატურამ ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის უკან გავრცელდა, სადაც, ერთ-ერთი ადამიანი გარეთ გამოდის და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისვრის.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა. იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – აცხადებემ უწყებაში.