„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აფასებს.

„საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!

ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და თუ ის უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება, ყველაფერს ფარდას ახდის.

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები