„ის, რაც რეზოლუციის სახით ვნახეთ, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა“ – კახა კალაძე

„ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა და ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის სახით, გუშინდელი განცხადებები ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ ამ რეზოლუციაში: თითქოს, მიხეილ სააკაშვილი გახლდათ დემოკრატიის შუქურა. მერე რა, თუ ის იყო მთავარი შემოქმედი იმისა, რომ წლების განმავლობაში, ადამიანები გამოყავდათ ციხიდან და ავტომობილის „კაპოტზე“ დაბმულს აუპატიურებდნენ. მერე რა?! ის იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, გვეუბნებიან: მერე რა, რომ ციხიდან ადამიანები გამოყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ტელევიზიებში ვარდებოდნენ. ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, დავით კეზერაშვილზე იყო იქ საუბარი. დავით კეზერაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს, ნიკა მელიას ციტატა მოიყვანეთ და მეტი არაფერია საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ეთანხმება.

„ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი – მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია – ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში იქნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია; არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები