საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

308 – 218-ის წინააღმდეგ, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო.

ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მედიის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობისკენ წაქეზებაზე, რაც აღმოფხვრის ამგვარი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შთაბეჭდილებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება,  განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება.

ევროპარლამენტის წევრები გმობენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა.

რეზოლუციის ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას,  თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან და დისკრიმინაციული მოპყრობისგან მედიის წარმომადგენლების მიმართ.

დოკუმენტში გასული წლის „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზეც არის საუბარი, სადაც ჟურნალისტებზე ძალადობა განხორციელდა.

„ასეთი ქმედებების ჩამდენ პირთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ არის დაშვებული, რადგან ეს არღვევს როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს და მოუწოდებს 5 ივლისის ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ. გმობს ლგბტ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაგრძელებას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად, პრაქტიკულად აამოქმედოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკიმინაციული კანონმდებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

მსგავსი თემები