,,ასეთ რეზოლუციას პირდაპირ ვიტყვი, ჩალის ფასი აქვს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. კობახიძის განცხადებით, რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ,,ჩალის ფასი აქვს”.

,,მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-12 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, რომლებმაც ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ეროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, რომლებმაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და შემდეგ ის მოროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს. შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს. რეზოლუციას, რომელიც ქართული მედიისა და დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილის, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას პირდაპირ ვიტყვი, ჩალის ფასი აქვს.
იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. ფეიკის გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი , რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით, სუვერენულად მოქმედება შეეძლება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები