,,ეს ორი კვირა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს შესახებ, პოლიტპატიმრებისა და ჟურნალისტების თაობაზე ასეთი მწვავე მოსმენები არ ყოფილა ევროპარლამენტში. მისი თქმით, მომდევნო ორი კვირა იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი.

,,ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება, მძიმედ აკრიტიკებენ საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ არსებულ სიტუაციას.  ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროინტეგრაციას და ღია კარს ევროპაში, მაგრამ ხელისუფლების მიმართ არის უმძიმესი დამოკიდებულება. ყველა ის ადამიანი ვიხილეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყველაზე უფრო მძიმე ენით ამკობს. გუშინ ტრიბუნასთან ვერ ვიხილეთ ვერც ერთი ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას.

ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის დემოკრატიას და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ევროპული ინტეგრაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა მძიმე გავლენას ახდენს. ასეთი სიტყვებით ისაუბრეს ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე. მათ იციან ყველაფერი. ჩვენს პარტიასთან ასოცირებულმა პარტნიორებმა ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, ფოტიგამ და კუბილიუსმა, რომლებიც არიან სამიზნე „ქართული ოცნების“. ასევე ძალიან კრიტიკული იყო სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება „ქართული ოცნება“. ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, გათავისუფლდეს ნიკა გვარამია.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მას მოვუწოდებ, 24 ივნისამდე გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე ამ მოკლე ვადაში ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და გადადგას ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ გადაწყვეტილების დადგომაში და მიღებაში, რაც გულისხმობს სწორედ ადეკვატურად საერთაშორისო ექიმების ჩამოსვლას და მის გადაყვანაზე მსჯელობას. ეს ორი კვირა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველოსთვის არ დაიხუროს ევროპის კარი და ერთი-ერთზე არ დავრჩეთ რუსეთთან“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები