,,მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია”- მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია და ეს ეხება როგორც უკრაინულ ხორბალს, ასევე რუსულ სასუქებს. მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნა, მზესუმზირის და ხორბლის პროდუქტების ექსპორტის სანაცვლოდ, სანქციების მოხსნაზე, სრულიად ლეგიტიმურია.

„მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ საკვების კრიზისი შეზღუდულად მხოლოდ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის კუთხით, არამედ ასევე არის სასუქების პრობლემაც. სერგეი ლავროვს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ აქვთ წუხილი ამ მიმართულებით. ასე რომ, რუსეთის და უკრაინის ხორბლის პროდუქტები წარმოადგენს გლობალური წარმოების ერთ მესამედს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას, უსაფრთხოების დერეფნებისა და სატრანზიტო დერეფნების გახსნა შეუძლებელი იქნება. რუსული მხარე ამბობს, რომ დერეფნების გახსნის შემდეგ გემებმა უკრაინაში იარაღი არ უნდა შეიტანონ. ასე რომ, უნდა იყოს მექანიზმები, რომლებიც შეამოწმებს ამ საკითხებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გაერო-ს შეთავაზებას გონივრულად მივიჩნევთ. გაერო-ს, რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შეუძლიათ, შექმნან მექანიზმი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას. ამ გეგმაზე ახლა ვსაუბრობთ. თურქეთი ამ გეგმას გონივრულად მიიჩნევს. რუსეთის და უკრაინის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვუმასპნძლოთ შეხვედრას ხორბლის ექსპორტის პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ასევე ლეგიტიმურად ვუყურებთ რუსეთის მოთხოვნას, რომ თუ მზესუმზირის და ხორბლის პროდუქტების ექსპორტს რუსეთი უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე, რუსეთის სურვილი სანქციების მოხსნაზე, სრულიად ლეგიტიმურია. თუ მთელ მსოფლიოს სჭირდება პროდუქტების ექსპორტი რუსეთისგან და უკრაინისგან, ჩვენ უნდა გავხსნათ გზა წინსვლისთვის და დღის ბოლოს კონსენსუსის მექანიზმი ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები