,,ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის      თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება.

წულუკიანის განცხადებით, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ქართველების აზრი. აი, აქ ბრძანდებიან ქართველები და მათ ჰკითხეთ, რას ფიქრობენ – კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში. მისთვის ამის უფლება არავის მიუცია. ჩვენი ხელისუფლება არის არჩევნების შედეგად არჩეული, მას ნდობა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. შესაბამისად, დემოკრატიული არჩევნების შედეგადაა ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. შესაბამისად, არჩევანი, რომელიც არის ბატონი კუბილიუსის მიერ დაყენებული, არის იმ ქართველი ერის შეურაცხყოფა, რომელმაც თავის ევროპულ გზაზე ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო და რომელიც ძალიან დიდი მისთვის დამახასიათებელი მოთმინებით ელოდება ვერდიქტს. ვერდიქტი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, დიახ, ქართველი ერი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიდი მოთმინებით, რა იქნება ვერდიქტი. ამ მოლოდინში ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

მსგავსი თემები