„ექიმები ცდილობენ, მას გააძლებინონ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შუალედური დასკვნა 48 საათში უნდა წარმოადგინონ.

როგორც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, დასკვნა მინიმალურ ვადებში უნდა მომზადდეს, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ ითმენს.

„მაინტერესებს, რომ დასკვნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ყოველ დღე, რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია. ძალიან ბევრი რამე გაკეთებულია, მაგრამ საბოლოო დასკვნა რომ დაიდოს იქ არის კიდევ რაღაც პუნქტები, რომელიც კარგად უნდა დამუშავდეს”, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ექიმები მისი შვილის გადარჩენისთვის მუშაობენ.

“რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, აუცილებლად გადასაყვანია. არა მარტო ბრიტანეთიდან, ვიღაც შეიძლება გერმანიიდანაც ჩამოვიდეს. მაგრამ, რამდენად მიეცემა შესაძლებლობა, რომ შევიდეს პაციენტთან, არ ვიცი. ეს მკურნალობა არ არის, ექიმები ცდილობენ, გააძლებინონ. მე ამ ყველაფერს სულ ვადევნებ თვალს და ვიცი, დაახლოებით რა ხდება. მძიმე მდგომარეობაა, ადამიანი ვერ იღებს საკვებს, ეს დიდი ხანია უკვე გრძელდება და დიაგნოზები აქვს მძიმე, ესეც ცნობილია, ამას არავინ უარყოფა და რაღაც შედეგზე გავალთ ალბათ, დიდი იმედი მაქვს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები