ინვესტორის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარია მიუღებელია, უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ინვესტორებს ურჩევს შანტაჟის ენით საუბრისგან თავი შეიკავონ, რადგან არც  დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა და არც თბილისელები არ დაუშვებენ, ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში 9-სართულიანი სასტუმროს აშენებას.  

კახა კალაძე მადლობას უხდის ყველა აქტივისტს, ვინც წლების განმავლობაში იბრძვის ვაკის პარკის გადასარჩენად და მათ ჰპირდება, რომ ამისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.  

“ინვესტორი პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ეს პატივცემული ინვესტორი შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში – ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, უვადო სპეცნებართვა, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს გააჩნია, 2013 წელს, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ გასცა, ამგვარად, კომპანიას მისცეს უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა დადგას, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულიანი სახლის სიმაღლეა.  
 
“დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული. რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვემების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა და რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის, კორუმპირებული უგულავა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.” – აცხადებს დედაქალაქის მერი.

მსგავსი თემები