78 წლის საკში ყველასთვის ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში სარეჟისორო საქმიანობას ეწეოდა არაერთ ცნობილ თეატრში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი.
რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.
თემურ ჩხეიძეს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვისა და უდიდესი ღვაწლისთვის მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი; „ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი); სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“; სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და არაერთი სხვა.