,,წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის  მოკლე გზებს არ ეძებს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანას რეფორმების გაგრძელების მოტივაციას მისცემს.

,,ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს კანდიდატის თაობაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს, არ ვეძებთ სიმარტივეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, მაგრამ დღესდღღეობით კითხვა ისმის ასე, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს თუ – არა და ეს გახლავთ გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ქვეყნისადმი. რუსეთისთვისაც კი. ჩემი მხრიდან მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა რეფორმა, ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატული ინსტიტუტები, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო რეფორმას, საბიუჯეტო გამჭვირვალობაში საქართველო ნომერ პირველია. ბიზნესის წარმოების მიმართულებითაც საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. ყველა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. საუკეთესო შემსრულებელია და ჩემი კითხვაა, რატომაც არა. კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა რეფორმა. ჩვენ ვიქნებით მოტივირებული, ვიქნებით მუდამ ფორმაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ევროკავშირიდან მონიტორინგის მისია. ეს არ გახლავთ ერთდღიანი გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი გადაწყვეტილება, ვიდრე მივიღებთ სრულუფლებიან წევრობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო, უკრაინა და მოლოდოვა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ, ამით ბედნიერი მხოლოდ რუსეთი იქნება.

„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ მოტივაციის ამ წახალისების მიცემა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მოლდოვა, საქართველო, უკრაინისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები