“გაუთავებელი ნარკოპროპაგანდის შედეგად საზოგადოების უდიდეს ნაწილში პროტესტი დაგროვდა” – თამარ ჩიბურდანიძე

 

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე და პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე, ორგანიზაციის სახელით ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან და „თეთრი ხმაურის“ მიერ გამოცხადებულ პროტესტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც  ხელისუფლებას მოუწოდებს, კიდევ უფრო გამკაცრდეს კანონი ნარკოგამსაღებლების მიმართ და დაიცვან ახალგაზრდებიც ამ გადამდები და მომაკვდინებელი სენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება  აუცილებლად მიიღებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეალურ პროტესტს:

„გუშინ ღამით განხორციელებულ სპეცოპერაციას სოციალური ქსელში საზოგადოების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხისგან ასეთი მასშტაბური მხარდაჭერა ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ განვლილი თვეების მანძილზე, გაუთავებელი ნარკოპროპაგანდის შედეგად საზოგადოების უდიდეს ნაწილში დაგროვდა ტკივილი და პროტესტი, რამაც ერთიანად იფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი ეფექტიანი ქმედება ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ არის დაგვიანებული. ასეთი ხისტი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო აქამდეც.

რაც შეეხება „თეთრი ხმაურის“ და მათი მიმდევრების მუქარას და პროტესტს, მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუკი საზოგადოების ამ მცირე ნაწილის პროტესტს შედეგად ნარკოგამსაღებლების მიმართ დამოკიდებულების შესუსტება მოჰყვება, მაშინ ისინი მიიღებენ საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტს. იმ საზოგადოების, ვისაც მართლა სურს ევროპული საქართველოს შექმნა, ვინც ცოდნით და განათლებით იცის, რა არის ევროპა. საბედნიეროდ, საქართველოს ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არიან აზროვნებით და შემეცნებით მოქალაქეები, ვინც იციან სახელმწიფოს არსი და მნიშვნელობა. მე ბევრჯერ მომისმენია მათი გულისწყვეტა, რომ მსოფლიო უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჰგონიათ, რომ ქართველ ახალგაზრდობას მხოლოდ ეს მცირე ნაწილი წარმოადგენს, რომელთა დიდი ნაწილი მუდმივად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არიან. როგორც ვხედავ, მათი მოთმინების ფიალაც ივსება”, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

მსგავსი თემები