სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ბავშვებზე – ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა (ჟურნალისტური მოკვლევა)

საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდება კოვიდპანდემიის პერიოდში. სექსუალური ძალადობის ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა. არის კონკრეტული შემთხვევები, როცა ბავშვებზე სექსუალურად საკუთარი ოჯახის წევრებიც ძალადობენ,  მათ შორის, მამები, ბაბუები, ძმები.

ისტორია არაერთია და ყველა ერთმანეთზე უარესი მოსასმენია.

ამბავი #1

ერთ-ერთი ისტორია 13 წლის  მოზარდს ეხება. მსხვერპლი შვილია, რომელზეც თავად მშობლები ძალადობენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში, ყველაფერი ცხადად ჩანს, მოძალადეების სისასტიკეც და „სიამოვნებაც“ როცა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ვიდეოს უღებენ.

ბავშვს მამა სასტიკად უსწორდება, ბვშვს კი შარდვა ეწყება. მშობლები ამ ფაქტით უფრო ღიზიანდებიან და ბავშვს აიძულებენ, საკუთარი შარდი სახით გაწმინდოს.  დედინაცვალი კი ძალადობის მსხვერპლს ტელეფონით იღებს და ამით სიამოვნებას ღებულობს. ფაქტი შემთხვევით „გასკდა“. სკოლაში მისულ ბავშვს სხეულზე დაზიანებები შენიშნეს. საქმეში პოლიცია ჩაერთო. მამაც და დედინაცვალიც დააკავეს.

მამისა და დედინაცვლის დაკავების შემდეგ, მზრუნველობის გარეშე დარჩენილი გოგონა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.

ამბავი #2

ამ კონკრეტულ შემთხვევაში 13 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონკრეტულ შემთხვევაში, გოგონაზე სექსუალური ძალადობა 12 წლის ასაკიდან ხდებოდა. ის დაორსულდა. მოზარდმა ბავშვი გააჩინა და ის ამჟამად ახალშობილთან ერთად თავშესაფარში გადაიყვანეს.

ძალადობის საქმეზე ბრალი  დედასაც წარუდგინეს. მას  დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, კერძოდ, იმას, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დედამ იცოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურეს და სამართლადამცველებს არ აცნობა.

ამბავი #3

კონკრეტული ისტორია კიდევ უფრო მძიმეა იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდზე სეასუალურად  საკუთარი ბაბუა ძალადობდა.

მოზარდის ჩვე­ნე­ბით, 53 წლის ბა­ბუ­ამ, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე 100-ზე მეტ­ჯერ იძა­ლა­და. ბავ­შვს ბა­ბუა სა­კუ­თარ ლო­გინ­ში აუპატიურებდა, სადაც, მასთან ერთად, მის ტყუპისცალსაც ეძინა. დაზარალებული დეტა­ლუ­რად ყვე­ბა, თუ რა ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და ბა­ბუა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ ბაბუა მასთან გარყვნილ ქმედებას 8 წლის ასა­კი­დან ახორციელებდა, 10 წლის ასა­კი­დან კი სექ­სუ­ა­ლური კავშირიც ჰქონდა. თან, ბა­ბუა შვი­ლიშ­ვილს აფრ­თხი­ლებ­და, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის მო­ე­ყო­ლა, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ორი­ვეს და­ა­კა­ვებ­დნენ. ბაბუა დაკავებულია. ის ბრალს არ აღიარებს.

ფაქ­ტი ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხდე­ბო­დაო, მაგ­რამ პაპა მე­უბ­ნე­ბო­და, ჩვენ ორი­ვე ცოდ­ვი­ლი ვართ და ეს არ უნდა გა­ვამ­ხი­ლოთ, თო­რემ შენც და­გი­ჭე­რენ და მეც, ამი­ტომ არ ვამ­ბობ­დი არა­ფერ­ს. როცა დე­დამ ამიხ­სნა, რომ თურ­მე, მე მსხვერ­პლი ვყო­ფილ­ვარ და პაპა მო­ძა­ლა­დე და გა­ვი­გე, რომ მე კი არ და­მი­ჭე­რენ, არა­მედ პა­პას, ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ყვე­ლა­ფე­რი მო­მე­თხროო“, – ყვება ბავშვი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ დაკავებულ ბაბუას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 141-ე მუხ­ლით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა); 11 პრი­მა, 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტის წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან); 11 პრი­მა, 137-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ე“, მე­ო­თხე ნა­წი­ლის „გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის წევ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ნდო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 11 პრი­მა, 139-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ე“ და მე­ო­თხე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის და წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამბავი #4

კონკრეტული შემთხვევა 2022 წელს მოხდა და ის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას ეხება. სექსუალური ძალადობის ბრალდებით  მასწავლებელი უკვე დააკავეს.

დანაშაული ქვემო ქართლში მოხდა. მასწავლებელი 50 წლის მამაკაცია, რომელიც 13 წლის მოსწავლეს ინფორმატიკას ასწავლიდა. დაზარალებული ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მის მიმართ მასწავლებელი გაკვეთილზე ძალადობდა. ბავშვს ფსიქოლოგიური პრიბლემები დაუდგინდა, რის გამოც, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ამბავი #5

ეს კონკრეტული ისტორიაც მიმდინარე წელს მოხდა. ფაქტი პედოფილიას ეხება. მსხვერპლი 10 წლის გოგონაა. მოძალადე კი, მისი ნათესავი მამაკაცი, რომელიც ბავშვს ბაბუად ეკუთვნის.

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 10 წლის გოგონას ტანსაცმელზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოაჩნდა. მსხვერპლი თავად ყვება დეტალებს.

ამბავი კი შემდეგია:  65 წლის მამაკაცმა, ნათესავის ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა საკუთარ აგარაკზე დასასვენებლად დაპატიჟა. სწორედ აგარაკზე განხორციელდა გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა. მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ 10 წლის ბავშვს ნამდვილად აკოცა და ჩაეხუტა, თუმცა, სექსუალური ძალადობის განზრახვას არ ადასტურებს.

სასამართლომ  არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამაკაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი ისტორია საკმაოდ ბევრია. მოძალადე ხან ნათესავია, ხან ოჯახის წევრი, ხან – მამა, ხანაც – ბაბუა.

ამბავი#6

ბოლო შემთხვევა სულ ახლახან, რამდენიმე დღის უკან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 1 ივნისს მოხდა. მოძალადე 55 წლის მამაკაცია, მსხვერპლი კი 12 წლის მისივე ნათესავი ბავშვი.

სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით,  55  წლის მწყემსი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 12 წლის ბიჭზე  მწყემსმა  ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იძალადა. მას მეხუთე კლასის მოსწავლე ამ შენობაში ხშირად შეჰყავდა. ბავშვი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

——————————

სექსუალური ძალადობის საქმეებზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა  მხოლოდ თბილისში ტარდება – სახალხო დამცველის დასკვნა

—————————–

სახალხო დამცველის აპარატი, წლებია, მიუთითებს, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროული, ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, არსებულ გამოწვევებს განაპირობებს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნებისა და მისგან დამცავი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

„ამ მიმართულებითაც პრობლემურია ძალადობაგანცდილი ბავშვის მხარდამჭერი სერვისებისა და სპეციალისტების სიმცირე. მწვავედ დგას სამედიცინო-საექსპერტო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბავშვზე მორგებული გარემოს და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპებთან“ – აღნიშნულია ანგარიშში.

2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 255- 2552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის 252 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 53 საქმეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო სულ 187 არასრულწლოვანი იქნა დაზარალებულად ცნობილი.

ამავე პერიოდში, საერთო სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის დანაშაულის 121 საქმე იქნა განხილული, აქედან 111 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 8 საქმეზე შეწყვეტის, ერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი იქნა მიღებული, ხოლო ერთი საქმე გადაკვალიფიცირდა.

ომბუდსმენი მორიგ გამოწვევად ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციას ასახელებს.

„შესწავლის შედეგად, კვლავ გამოიკვეთა გამოძიების პროცესში ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკის შემქმნელი და გამოძიების ეფექტიანი წარმართვის დამაბრკოლებელი არაერთი გარემოება. მისასალმებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაიზიარეს ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები და გადამზადდნენ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ასევე, მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მორიგი პრობლემა, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, ფსიქოლოგების სიმცირეს უკავშირდება. კერძოდ, მსხვერპლ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, თუმცა, მათი სიმცირის გაო, ეს ყოველთვის არ ხდება.

„კადრების სიმცირისა და კვალიფიკაციის საკითხი, აფერხებს სპეციალისტის დროულად ჩართვას და პროცესში მის ეფექტიან მონაწილეობას. მაგალითად, 2014-2020 წლებში სულ 1,092 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციების დანაშაულებზე, აქედან 2018-2019 წლებში – 317 არასრულწლოვანი, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 13 ფსიქოლოგის კადრი არსებობს“ – აღნიშნულია კვლევაში.

უფრო მეტიც, რიგ მუნიციპალიტეტებში ფსიქოლოგის მხოლოდ ერთი კადრი არსებობს.

„ერთ რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგის კადრი საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია და შეუძლებელს ხდის როგორც კონკრეტული სერვისების მიწოდებას, ასევე, წარმოშობს ბავშვებისთვის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემას. სპეციალისტების კვალიფიკაციის ნაკლებობა უარყოფითად აისახება არასრულწლოვანთა ინტერსებზე და ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვების მაქსიმალურ დაცვას მეორეული “ვიქტიმიზაციისგან“. განსაკუთრებით ყურადსაღებია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გადამზადების პრობლემა, რომლებსაც წლების განმავლობაში არ მიუწვდებათ ხელი საჭირო სასწავლო ღონისძიებებსა და რესურსებზე. ამასთან, უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხებზე, მუდმივ პროფესიულ გადამზადებას საჭიროებენ გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები“ – ნათქვამია  ომბუდსმენის კვლევაში.

მორიგი პრობლემა ისევ სერვისების ნაკლებობას უკავშირდება. კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებზე ორიენტირებული სერვისები, რომლებიც შესაბამის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემდა არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთის საფუძველზე დაეგეგმათ და განეხორციელებინათ გრძელვადიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები.

სექსუალური ძალადობის საქმეებზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, კადრებისა და შესაბამისი აღჭურვილობის სიმცირის გამო, მხოლოდ თბილისში ტარდება.

„სახელმწიფოს არ აქვს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მექანიზმი. ამჟამად შეუძლებელია იმის დადგენა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ზუსტად რამდენი შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება სამართალდამცავ ორგანოში და რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება. აღნიშნული შეუძლებელს ხდის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ზუსტ შეფასებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ასევე, საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც ბავშვებს და მათ მშობლებს აიძულებს, არ ისაუბრონ სექსუალურ ძალადობაზე, ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შეტყობინების რიცხვს ან ხდება დაგვიანებული მიმართვიანობის საფუძველი“ – ისევ კვლევა.

———————————

ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამჟღავნება სირცხვილად ითვლება – გამოკითხვა

———————————

აღნიშნულ სტიგმასთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“  სხვადასხვა ასაკის 50-მდე რესპონდენტს გაესაუბრა. პასუხები შოკისმომგვრელია. გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები არ უნდა გახმაურდეს, რადგანაც ბავშვს ცხოვრება დაენგრევა.

კითხვები შემდეგი იყო: ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ თუ გსმენიათ? მსგავსი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში როგორ მოიქცეოდით?  რა პრობლემებს ხედავთ ამ მიმართულებით ქვეყანაში?

გივი, 65 წლის: „ეს გარყვნილება და უბინძურესი დანაშაულია. საინფორმაციოებიდან გამიგია რომ ხდება ჩვენთან ასეთი რამ. დამნაშავე სასტიკად უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეორე ამბავიცაა, მგონია რომ ასეთი ფაქტები არ უნდა გახმაურდეს. აბა წარმოიდგინეთ, ბავშვი მსხვერპლი გახდა და მის შესახებ რომ ყველამ იცის, ხომ დანგრეული აქვს ამ ბავშვს მომავალი. ვის ენდომება მასთან უერთიერთობა, ან ვინ შეიყვარებს, ან ვის მოუნდება მისი ცოლად მოყვანა. მგონია, რომ არ უნდა გახმაურდეს ასეთი საქმეები“.

ია, 32 წლის: „მსგავსი ფაქტების შესახებ მსმენია. საკმაოდ მოხშირდა. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის ჩამდენი. მე რომ მსგავსი რამ გავიგო, არ ვიცი როგორ მოვიქცევი. ერთია, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ, მეორეა, რომ მსხვერპლი თითით საჩვენებელი არ უნდა იყოს და მის შესახებ არავინ არაფერი უნდა იცოდეს, ამიტომ, ზღვარი რთული მოსაძებნია.

ნელი, 70 წლის:  ოჯახმა ისე უნდა მიაქციოს ბავშვს ყურადღება, რომ ამ საშინელებაში არ აღმოჩნდეს. თუ ეს დაემართა მერე გახმაურდება თუ არა, აზრი არ აქვს, ის ბავშვი მაინც დაღუპულია და ჯობს შენი „მკვდარი“ შენ დამარხო. ეს ოჯახის საქმეა მაინც. თავის მოჭრას ჯობს, არ ილაპარაკონ ამაზე. ცოდოა ბავშვიც, მთელი ცხოვრება დაიტანჯება. სირცხვილით თავი როგორ უნდა გამოყოს მერე გინდა ბავშვმა და გინდა ოჯახმა“.

ანალოგიური შინაარსის პასუხებს იძლევა გამოკითხულთა უმეტესობა. მხოლოდ რამდენიმემ გვითხრა, რომ ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებთან აუცილებლად უნდა მივიდეს და არც მსხვერპლმა და არც მისმა ოჯახმა ის არ უნდა დამალოს.

————————————-

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანებიდან 48 ბიჭი იყო და 383 გოგო

———————————–

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელმაც ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, სწორედ ექსპერტია.  კვლევებით იკვეთება, რომ ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებითაც პრობლემებია.

ამ ეტაპზე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში  სულ დასაქმებულია 32 სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელთაგან მხოლოდ 7 არის მდედრობითი სქესის. დღეის მდგომარეობით, თბილისში მუშაობს 12 ექსპერტი, რომელთაგან 6 არის მდედრობითი სქესის; კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში სულ 3 პირია; ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში – 4 პირი; შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში – 3 პირი; სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში – 1 პირი. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში დღეის მდგომარეობით სულ 4 პირია დასაქმებული და აქედან მხოლოდ ერთია მდედრობითი სქესის. აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში კი დასაქმებულია 5 პირი, რომელთაგან ყველა მამრობითი სქესისაა.

„სექსუალური ძალადობის საქმეებზე სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს დაზარალებულის სქესის არანაკლებ ორმა ექსპერტმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპერტიზის ბიუროს თბილისის ერთეულში მხოლოდ 6 მდედრობითი სქესის სამედიცინო ექსპერტია, ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება. კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციიდან, საქმეების ანალიზიდან, სპეციალისტებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მნიშვნელოვანი დარღვევებითა და სისტემური ხარვეზებით მიმდინარეობს, კერძოდ:

·        არ არის განსაზღვრული მეთოდოლოგია, შეფასების ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც რელევანტურია დაზარალებული ბავშვის ასაკთან, ტრავმული გამოცდილების მქონე ბავშვის თავისებურებებთან;

·        ხშირად ფსიქოლოგებს, რომლებიც ესწრებიან ბავშვთა გამოკითხვას და ამზადებენ დასკვნას სასამართლოსთვის, არ აქვთ გავლილი სპეციალიზაცია მოწმე/დაზარალებული ბავშვის სამართალწარმოების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე;

·        არ არსებობს სისტემური ან პროფესიული შეთანხმება ტერმინზე, მაგალითად, რა იქნებოდა ყველაზე შესაფერისი სამეცნიერო ტერმინი – „ტანჯვა“, „ტრავმული სტრესი“ თუ „სტრესი“, რაც მიკერძოებული მიდგომების შემთხვევაში ცალკეული სპეციალისტების მხრიდან ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა;

·        არ არსებობს რაიმე სახელმძღვანელო პრინციპები, ეთიკური ნორმები იმ ფსიქოლოგებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან დაზარალებულ ბავშვთა გამოკითხვისა თუ შეფასების პროცესში, რაც ასევე არაკვალიფიციური და მიკერძოებული მიდგომების რისკს შეიცავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის განმავლობაში, სააგენტომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის სულ 431 შემთხვევა გამოავლინა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანებიდან 48 ბიჭი იყო და 383 გოგო.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის სულ 158 შემთხვევა გადამისამართდა. მათგან 119 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტომ 39 შემთხვევა გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათგან სოციალური მუშაკი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის წარმომადგენელი იყო 91 საქმეში.

დასკვნის სახით, ბავშვთა ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექპლოატაციის დანაშაულების შესახებ,  კვლავ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სავალდებულო ინსტრუმენტებს, რომელთა მონაწილეც საქართველოა.

პრობლემები კი შემდეგი მიმართულებით იკვეთება:

·        დანაშაულის კვალიფიკაციის და მართლმსაჯულების განხორციელების დროს ძირითადი ყურადღება კვლავ ფიზიკური ძალადობის გამოვლენის საკითხს ეთმობა და არ ხდება ბავშვის ნების დამთრგუნველი რიგი გარემოებების ზუსტი იდენტიფიცირება, რაც, ხშირ შემთხვევაში, გაუპატიურების შემადგენლობას მოგვცემდა;

·        გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო ეტაპზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვზე ორიენტირებული და მეორეული ძალადობისგან  დაცვაზე მიმართული ღონისძიებების გატარება.  კერძოდ, არასრულწლოვნების რამდენჯერმე გამოკითხვის პრევენცია, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისას ბავშვთან ერთი და იმავე სპეციალისტების ჩართულობის უზრუნველყოფა და უცხო პირებთან კომუნიკაციის პრევენცია;

·        კანონმდებლობით ზუსტად არ არის განსაზღვრული ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევაზე ფსიქოლოგის მონაწილეობის საკითხი, რაც ერთგვარ რისკს ქმნის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კუთხით;

·         სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების მხრიდან პრობლემურია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვების ეფექტიანი მხარდაჭერა და რიგ შემთხვევებში, მათი ჩართულობა ფორმალურ ხასიათს ატარებს;

·        პრობლემაა ასევე კოორდინაციის ნაკლებობა სხვადასხვა უწყებას შორის, რომელთაც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება ევალებათ.

·        ერთეული გამონაკლისების გარდა, სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლო შენობებში ბავშვის საჭიროებებზე მორგებული, განცალკევებით არსებული გამოსაკითხი და დასაკითხი ოთახების არარსებობა ქმნის ბავშვის მეორეული მსხვერპლის მაღალ რისკს მისთვის ისედაც დამთრგუნველი პროცესის მიმდინარეობისას.

·        მეორეული მსხვერპლიზაციის რისკის შემცველია ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარება და საქალწულე აპკის შემოწმების პრაქტიკა, რასაც არ აქვს სამეცნიერო საფუძველი სქესობრივი აქტის ან გაუპატიურების დასადგენად;

·        სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტულად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები, რომლებიც შესაბამის სპეციალისტებს როგორც ბავშვებთან, ისე მათ ოჯახებთან გრძელვადიანი მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა;

·        კადრების საგანგაშო სიმცირეს ემატება სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაც, რაც ამ სერვისებით სარგებლობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის;

·        ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხებზე აუცილებელია საზოგადოების, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლება. დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვიანობის სიმცირე და დაგვიანებული მიმართვიანობა, მათ შორის, საზოგადოებაში არსებულ სტიგმას, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო რეაგირებას უკავშირდება, რაც ბავშვებსა და მათ მშობლებს აიძულებს, არ ისაუბრონ სექსუალური ძალადობის თაობაზე და ამყარებს გაუპატიურების დაუსჯელობის გარემოს.

 

მსგავსი თემები