,,ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს, სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროული არ იყო.

ღუდუშაურის თქმით, ხელისუფლებამ სასამართლოს არ უნდა უკარნახოს , რა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

„არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ როცა პრეზიდენტი საუბრობს, თან ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა. ვინმეს მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ. არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, ამავდროულად, მგონია, რომ თუ ვინმე პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ 7 მილიონი ლარი მოპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება,“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები