,,პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია და სუვერენული ქვეყნის დაპყრობა აგრესორს ძვირი დაუჯდება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელებმა ომი უნდა მოიგონ და პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია. მისი თქმით, უკრაინელებს სურთ,  ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ და ისინი არაფრის ფასად არ მისცემენ კრემლს უფლებას, ამ გზაზე მათ წინ აღუდგეს.

„კვე 15 კვირაა, რაც რუსეთი უკრაინაში, უდანაშაულო მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ უკრაინელებზე, უკრაინულ სულზე. უკრაინელმა ხალხმა იპოვა გამბედაობა და სიძლიერე ერთმანეთში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩვენც ვუსმენდით ამ დარბაზში და მიუხედავად სასტიკი დაბომბვისა, რაშიც ისინი ცხოვრობენ, იმედი არასდროს დაუკარგავთ, მათ არასდროს დაუკარგავთ იმის აღქმა, თუ რას ნიშნავს ეს. ეს უკრაინის მომავლის მონახაზის შექმნაა და ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ამაში არის ის, რომ უკრაინელმა ხალხმა ზუსტად იცის, როგორი ქვეყანა სურთ. მათ სურთ თავისუფლება, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, ამ მშვენიერი ქვეყნის შეუდარებელი პოტენციალის გამოყენება და სურთ, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ და ისინი არაფრის ფასად არ მისცემენ კრემლს უფლებას, ამ გზაზე მათ წინ აღუდგეს. ვფიქრობ უკრაინული სიმტკიცე მთელი მსოფლიოსთვის ინსპირაციის მიმცემია.

მე ვიყავი კიევში აღდგომის დღესასწაულამდე, ვიყავი ბუჩაში, შევხვდი გადარჩენილებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ სიტყვების პოვნა იმის აღსაწერად, როგორ გადარჩნენ. ვნახე მასობრივი სასაფლაოები, ვნახე რუსეთის არმიის მიერ გამოწვეული სისხლი და ნანგრევები. ორ თვეში მათ ააშენეს ქალაქებს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა და ამის ნახვა იმის ფონზე, რაც ადგილზე ხდება, ძალიან ამაღელვებელი და ინსპირაციის მომცემია“, – აღნიშნა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას.

„მინდა, ყველა უკრაინელმა იცოდეს, რომ ევროკავშირი მათ მხარეს დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ამ ომის დაძლევაში. მეორე – მათ სჭირდებათ ფინანსური დახმარება და მესამე, ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მათ გვერდით უნდა ვიყოთ. უკრაინელებმა ომი უნდა მოიგონ და პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია. ნათელი უნდა იყოს, რომ სუვერენული ქვეყნის დაპყრობა აგრესორს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველანი ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები