,,არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარებას კლინიკაში”- დიმიტრი საძაგლიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო პროცესი გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება თავად სააკაშვილს.

ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მეორე ადვოკატმაც. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გასვლითი სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს.

,,მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე, სასამართლოში გამოდიოდა სიტყვით, შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღება მომავალშიც გააგრძელოს, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. უბრალოდ არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ ეს შემოთავაზება, ყველა შემთხვევაში, უბრალოდ უშედეგო იქნება. შესაბამისად, იქამდე მოცდა მოგვიწევს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს”,- აცხადებს საძაგლიშვილი.

მსგავსი თემები