,,იგორ დოდონი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ახლოს ვერ მივა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოტივები აბსულუტურად განსხვავებულია. მისი თქმით, სააკაშვილს 5 სისხლის სამართლის საქმეზე ედავებიან და მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი “ახლოსაც ვერ მივა” ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან.

,,ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვაში ყოფილ პრეზიდენტზე, იგორ დოდონზე აღძრეს საქმე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე. ახლა რაც შეეხება შინაარსს, დოდონს მეორე პოლიტიკოსთან ჰქონდა შეხვედრა, მდიდარ პოლიტიკოსთან და შეხვედრის დასასრულს მან შავი ცელოფანი გადასცა და ეჭვია, რომ აქ იყო ფული, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩანს ცელოფნის გადაცემა. რა თქმა უნდა, ვარაუდები ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, ჩვენ ვიცით, როგორია სისხლის სამართლის მტკიცების სტანდარტი, ამაზეა დაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი.

რაც შეეხება დანაშაულებს, იგორ დოდონს ვერავინ ედავება იმ ტიპის დანაშაულებს, რაც, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩადენილი აქვს სააკაშვილის რეჟიმს. მათ შორის არის 5 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც შეფარდებულია ბრალი. გვარამიას შემთხვევა რომ ავიღოთ, იქ საუბარია ერთ რაღაც პარკზე, რომელიც ერთ პირს მეორე პირისგან გადაეცა, ამ შემთხვევაში არის ძალიან ცხადი სქემა, თუ როგორ გაიძარცვა ტელეკომპანია რუსთავი ორი. აქაც ცა და დედამიწაა. ნაკეთებ საქმეებს რაც შეეხება, იგორ დოდონი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ახლოს ვერ მივა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები