„ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა.

„2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა.

„საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა აპრილშიც. რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის აღნიშნულ პერიოდშიც ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8%-ით და 1,587.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 33.7%-ით გაიზარდა და 3,666.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 37.1% შეადგინა. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2021 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონე აჭარბებდა 50%-ს და 52.2% იყო. 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი თემები