,,იმედი მაქვს, ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე, , რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას”-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა  კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინების ყოფილიყო. მისი თქმით, ახლა ჯერი ევროკავშირის  გადაწყვეტილებაზეა.

„ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და ადვილი გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც იღებს ევროკავშირი. ვიცით, რომ მათ შორის სკეპტიკოსებიც არიან ევროკავშირის შიგნით. განაცხადის შეტანა და კითხვარის გამოგზავნა დაჩქარებული წესით მოხდა, პასუხები დაჩქარებული წესით გავაგზავნეთ. რა თქმა უნდა, ამან მოლოდინები შექმნა, რომ ევროკავშირი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არის და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია, საქართველო იყოს მზად იმისთვის და ჩვენი მხრიდან შესრულებული იყოს ჩვენი საშინაო დავალებები. ამ თვალსაზრისით ფაქტია, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველო არის ლიდერი ყველა მიმართულებით, მათ შორის ნახეთ, რომ ბრიუსელში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციების ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესი შეფასებული აქვთ სამი ქვეყნის და მათი დასკვნებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი და არა მხოლოდ ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის, არამედ გარკვეულ ასპექტებში უსწრებს კიდეც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის იმ ქვეყნებს, რომელთაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.

მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც უსწრებს წინ. ღია ბიუჯეტის კუთხით მსოფლიოში საქართველო პირველ ადგილზეა. იმ ქვეყნის, რომლის ოპოზიციას მთავარ თემას აქვს ქცეული ბიუჯეტთან დაკავშირებით კრიტიკა და ა.შ. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არის პირველი ბიუჯეტის გამჭვირვალეობის კუთხით. ეს არის ფაქტები, რომ თუ ახლა ვინმე იმსახურებს კანდიდატობას, ეს არის საქართველო. ერთი იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინსვლა ყოფილიყო და ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი შესრლებულია, მეორე იმიტომ, რომ ქართველი ხალხი 30 წელია დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე და სიმამაცე, რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა ეს კონსტიტუციაში, ამისთვის გვებრძოლა და სისხლი დაგვეღვარა, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოვ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ახლა ჯერია ევროკავშირზე და მის თამამ გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები