სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში თურქი ბიზნესმენი დააკავეს

ბათუმში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაშ მიმდინარეობდა. დაკავებულია თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ოფისსა და საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დაკავებული იმყოფებოდა, მის მხარდასაჭერად, თანამშრომლები მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა  ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულს ედავებიან გადასახადებისთვის თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტს.

„მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები