რუსული მხარე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პირობებს აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ უკრაინა განაღმავს სანაპირო წყლებს. მისი თქმით, რუსეთი  სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.

„მოვუყევით იმ ზომების შესახებ, რომლებსაც რუსული მხარე იღებს უკვე მრავალი თვის განმავლობაში, უკრაინული მარცვლეულის გემებით თავისუფალი გატანის გარანტირებით, რომლებიც ახლა უკრაინის პორტებშია ჩაკეტილი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა განაღმონ სანაპირო წყლები, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ ზღვაშია. თუ განაღმვის პრობლემა მოგვარდება და ჩვენ უკვე მრავალი კვირაა ამით შეშფოთებულები ჩვენი დასავლელი კოლეგების ყურადღებას ვიპყრობთ, მაშინ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ გემების შეუფერხებელ გასვლას ხმელთაშუა ზღვაში და შემდგომ მათი დანიშნულების ადგილისკენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, დასავლეთი რუსული გემებისთვის პორტების დახურვით, ბევრ პრობლემას ქმნის.

„მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებმაც უამრავი ხელოვნური პრობლემა შექმნეს რუსული გემებისთვის მათი პორტების დახურვით, ლოგისტიკური და ფინანსური ჯაჭვების ჩახშობით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა იფიქრონ იმაზე, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი – გააკეთონ პიარი სურსათის უსაფრთხოების პრობლემაზე თუ პრობლემა კონკრეტული ნაბიჯებით მოგვარონ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი თემები