პროფესიონალიზმი, წესიერება, მიუკერძოებლობა – გიგლა ბარამიძე მოსამართლის კრიტერიუმებზე

პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ​გიგლა ბარამიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მთავარ კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლე უნდა პროფეიონალი, წესიერი, ევროპული და ეროვნული ღირებულებების დამცველი, მიუკერძოებელი, ყოველგვარ ნათესაურ-მეგობრული ვალდებულებებისგან თავისუფალი და არაკორუმპირებული.  

როგორც გიგლა ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კვლავ პრობლემაა. 

“2012 წელს, “ქართულმა ოცნებამ” საუკუნის აფიორა ჩაატარა და ხალხი მოატყუა. მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს, არ გაატარეს რეფორმები, პირიქით, სათავისოდ გამოიყენეს ყველაფერი, მათ შორის, მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემა. შექმნეს კლანური მმართველობა. ახლა, ხალხს არწმუნებენ, თითქოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილმა მოსამართლეებმა, უამრავი კითხვა რომ არსებობს მათ მიმართ, თავიანთი სურვილით მოხსნეს კანდიდატურები და ამაში დიდია “ქართული ოცნების” დამსახურება. თითქოს სასამართლო სისტემა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია”, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

მისივე თქმით, დღეს, არ არსებობს იუსტიციის საბჭოთა ზემოქმედებისა და უვადოდ დანიშნული მოსამართლის გაწვევის მექანიზმი. ერთადერთი ბერკეტია სახალხო და საზოგადოებრივი პროტესტი. 

“კეთილი ინებოს და პარლამენტმა და მისმა სახედაკარგულმა, შერცხვენილმა უმრავლესობამ საზაფხულო სესიაზე ჩამოაყალიბოს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის სტატუსი, მაგრამ სანამ ეს კრიტერიუმები შემუშავდება, საზოგადოებრივი აზრი უნდა მოისმინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება ამ ხელისუფლების  კონსტიტუციური, არჩევნების გზით ცვლილება. “ქართულ ოცნებას” არ აქვს მორალური უფლება იყოს საქართველოს ხელისუფლებაში”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ “მთავარში”. 

მსგავსი თემები