პირველი ივლისიდან ბიზნეს ობიექტებს გაზი გაუძვირდებათ

,,შპს თბილისი ენერჯის“ განცხადებით, პირველი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გადასახადი ძვირდება. განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა, რამაც საქართველოშიც გამოიწვია  ტარიფის გაზრდა.

,,ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.” -წერია ,,შპს თბილისი ენერჯის” განცხადებაში.

მსგავსი თემები