იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს – ლევან სამუშია

„საქართველოს პარლამენტმა იუსტიცის უმაღლესი საბჭოდან ის წევრები უნდა გამოიწვიოს, ვინც მოსამართლეთა 10-კაციან სიას მხარი დაუჭირა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს“, –  ასეთია „თავისუფალი დემოკრატების პრინციპული მოთხოვნა მოსამართლეების ხმაურიან თემასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მოსამართლეების თემაზე „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს არსებული მახინჯი სასამართლო სისტემის გამო, თუ ვინმე ზემოქმედებას განიცდის, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ, რომ მათ წაართვეს სამართალი და სამართლიანი სასამართლო.  კრიტერიუმები აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიტერიუმებით წელგამაგრებული “კრებითი მურუსიძეები” გავიდნენ. 

“ეს იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს. საუბარი იმაზე, რომ ეს მოსამართლეები უკან იხევენ და ისინი “ქართულმა ოცნებამ” ლამის გმირებად წარმოგვიდგინა, არასწორია. მთავარი აქ არის მართვის ორგანო – იუსტიციის საბჭო. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აწყობს, სასამართლო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართული იყოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ძალიან მარტივია სასამართლოს დეპოლიტიზირების დაწყება. ეს კონკრეტული გუნდი, რომლებიც მხილებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნიან სამართლიან სასამართლოს”, – აცხადებს ლევან სამუშია. 

​მისივე თქმით, ამ საკითხზე საჭიროა ფართო დისკუსია, დარგის სპეციალისტებისა და თუნდაც, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. დისკუსიის შედეგად უნდა მიიღოს ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილება.  

მსგავსი თემები