,,კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან”- ირაკლი კობახიძე

,,ღალატის ტოლფასია, როდესაც სამივე ქვეყანაზე საერთო სკეპტიციზმი არსებობს და ამას ამატებ შენ კამპანიას, მათ შორის საკუთარი ლობისტების მეშვეობით,”- ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისგან განსხვავებულია, მათი ქმედებები კი ღალატის ტოლფასია.

„ხშირად ისმის სკეპტიკური განცხადებები, პირველ რიგში, უკრაინის მიმართ, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ასევე ჩვენზე და მოლდოვაზე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი იმის გამო, რომ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. მეორე, ევროკავშირი აკეთებს კონკრეტულ გზავნილს, რომელიც უკავშირდება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას. კერძოდ, გზავნილი უკავშირდება იმას, რომ ევროკავშირს არ ეშინია რუსული რეაქციის და გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მისამართით, რომელიც არის რუსული ოკუპაციის ქვეშ. რატომ არ შეიძლება, გაჟღერდეს ეს გზავნილი უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ალოგიკური და გაუგებარი.

იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რომელიც არის განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ მაინც გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც მთელ თავის გეგმებს განსხვავებულ სცენარზე აგებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ღალატის ტოლფასია, როდესაც სამივე ქვეყანაზე საერთო სკეპტიციზმი არსებობს და ამას ამატებ შენ კამპანიას, მათ შორის საკუთარი ლობისტების მეშვეობით. ეს არის ღალატის ტოლფასი ქმედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები