მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს 4000 კვადრატული მეტრი მიწა ეკუთვნის

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, საქართველოს სახელით, მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ  ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზეა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა  ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

 

მსგავსი თემები