„საერთოდ წაკითხული გაქვთ რომელიმე კანონი?“ – მინისტრი დეპუტატს

„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთს წევრს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მიუმართავს და გაჟღერდა მოწოდება, რომ მის მიერ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მინისტრმა განმარტება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

„იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული ჰქონდა გამოძიება და როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოსდა 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს. შესაძლებელია ამ ინფორმაციას მოჰყოლოდა მღელვარება. ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად“ – განმარტა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას საკუთარი სამართალი გააჩნია, რომელიც აცდენილია რეალობას.

„თქვენ გაქვთ თქვენი სამართალი, რომელიც არის სრულად აცდენილი. შეურაცხმყოფელია, როდესაც მეუბნებით, რომ რასაც მე ვამბობ სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამას მეუბნება იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელმაც შემოიტანეთ შუამდგომლობა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ქართულ კანონმდებლობასთან და მსოფლიოს არცერთი ქვეყნის სამართალთან, ითხოვთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საერთოდ გაქვთ წაკითხული რომელიმე კანონი? როდესაც მსგავს შუამდგომლობას წერდით და ყველა ერთად აწერდით ხელს?!“- აღნიშნა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები