„მარგინალები და ოდიოზური პერსონები ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი“ – თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს პასუხობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სამყაროში სულ ჩნდებოდა და მომავალშიც გაჩნდება ახალი ინფექციები, მათ მართვას მთელი მსოფლიოს პროფესიონალების კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონკრეტული ექიმის გასაგონად ამბობს, რომ მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი.

„ქალბატონი თამრიკო ქვარცხავა არის ცნობილი ქართველი ექიმი და მკვლევარი, რომელიც დიდი ხანია, წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ში. მისი ფეისბუქპოსტები, მათ შორის COVID-თან დაკავშირებით გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმით და ობიექტურობით.

ა.წ. 13 მაისს მან გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი ცოტა განსხვავებულ თემაზე, სადაც აღწერა ის არაჯანსაღი, ხშირად აბსურდული შეფასებები, კრიტიკა, ცინიზმი, ლანძღვა, სპეკულირება და მანიპულირება COVID-ის თემაზე (მათ შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის), რომელსაც მიმართავენ აშშ-ში ცალკეული ვაი ექსპერტები და საზოგადოების მცირე (საბედნიეროდ მცირე) ნაწილი. მაგალითად, როგორ ითხოვდნენ შეზღუდვების გაუქმებას, რადგან მათ სიტყვებით „ევროპა გუგუნებს“, როგორ აკრიტიკებდნენ სერიოზულ ექსპერტებს და თვით პროფესორ Fauci-საც კი თითქოსდა პესიმისტური პროგნოზისთვის, რომლებიც აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ პანდემიის მსხვერპლი შესაძლოა 200 ათასი ადამიანი გამხდარიყო. ამას „დაშინებას მცდელობად“ აღიქვამდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ. სინამდვილეში კი დღეს COVID გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში (აშშ-ში) 1 მილიონს გადააჭარბა და ეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანაში.

ეს პოსტი იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ქ-ნი თამრიკოს აღწერილი სიტუაცია ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც ხდება საქართველოში. ამიტომ მინდა ვურჩიო ყველას, ვინც დაინტერესდება, გაეცნოს ქ-ნი თამრიკოს პოსტს ორიგინალში.

რას ვიზამთ, როგორც ჩანს თავის მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი. საბედნიეროდ ისინი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ ფეისბუქზე ისე აქტიურობენ, რომ ვიღაცას მართლა შეიძლება გაუჩნდეს კითხვები. რას ვიზამთ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი სინამდვილის ნაწილია. უბრალოდ მოსახლეობამ ტყუილის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოს.

კიდევ ერთი. ბოლო პერიოდში ცალკეული ექსპერტების და მასმედიის მიერ იდება ინფორმაცია ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების თაობაზე. ა.წ. 22 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ დადო ძალიან კვალიფიციური და საჭირო ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის გავრცელების, სიმპტომების და თავიდან აცილების გზების თაობაზე და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ პოსტს ისევ საზოგადოების იგივე მცირე ნაწილის მხრიდან მოჰყვა ისეთი აგრესია და ბულინგი, მათ შორის მრავალსართულიანი გინებებით, რომ ნორმალური ადამიანი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა, რა ხდება. აგრესია ძირითადად იყო ორი მიმართულებით: პირველი – ამ არაადამიანებმა (საინტერესოა ვის გულისხმობენ) COVID-ით მოსახლეობის ბოლომდე ჩახოცვა?! ვერ მოახერხეს და ახლა მათ გასაწყვეტად?! მაიმუნის ყვავილი გამოიგონეს და მეორე – COVID-ზე ხომ ძალიან დიდი ფული იშოვნეს?! მაგრამ ეს არ ეყოთ და ახლა მაიმუნის ყვავილზე უფრო დიდი ფულის შოვნა მოუნდათ?! და ამას მთელი სერიოზულობით წერენ თავის პოსტებში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, ვის მიმართ არის ამჟამად ეს აგრესია მიმართული მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერ მაიმუნის ყვავილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად არც არავინ გაუწყვეტიათ?! და არც ფული უშოვნია ვინმეს?!. რას ვიზამთ, ესეც უნდა მოვითმინოთ და უბრალოდ ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლოთ.

ისე, ბუნების კანონზომიერება ისეთია და ამას მედიცინის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს, რომ სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი ან ხელახლად აღმოცენებული ინფექციები (მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც) და მათ მართვას მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პროფესიონალების უდიდესი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები