,,პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, უნდა დავიწყოთ შეცდომების აღიარებით”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრობლემების აღიარებისა და შემდეგ მათი გამოსწორების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესი უფრო მარტივი იქნება.

„სიმართლე გითხრათ, ეს ორი დღე ცოტა უცნაურია, რადგან, რასაც მე ვაკვირდები, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ერთმანეთს ვუმტკიცებთ, როგორ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე გვაქვს გამართული რაღაც სჯა-ბაასი. საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, რომ გავხდეთ ამ ოჯახის წევრი, ჩემი აზრით, მართლა გადის ჩვენი შეცდომების აღიარებაზე, რომელიც ამ დარბაზში დავუშვით.

მაგალითად, როდესაც სასამართლოში გავამწესეთ ხალხი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, არ იმსახურებდა ამას. დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს პრობლემა არ არის, არ არის პასუხი ევროკავშირისთვის, პასუხია, რომ პრობლემაა. ხალხი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო გადააქცია ნოტარიუსის რაღაც კანტორად, ის ხალხი დღეს დავაწინაურეთ, თქვენ დააწინაურეთ, მე რაც შემეძლო, ვეწინააღმდეგებოდი ამ პროცესს. მოსამართლე, რომელმაც უვადო პატიმრობა გამოუტანა ორ ადამიანს, იცით, ვისზეც არის საუბარი და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი უდანაშაულო იყო, ეს ადამიანი რატომ მოხვდა უზენაეს სასამართლოში, რატომ დაწინაურდა, ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცეთ ან ევროკავშირს, ან ჩვენს თავს. იცით, თუ არა, რომ არც ერთი იურისტი სისტემის გარედან არ მოსულა აქ პარლამენტში და ჩვენ არ გვქონია საშუალება, მათთვის მოგვესმინა, რადგან ეს სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ გარედან ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან. მერე ნუ გვიკვირს, რომ უარს ამბობენ პროფესიაზე, იმედგაცრუებული არიან, მიდიან მექსიკაში, სიცოცხლის რისკის ფასად ამერიკაში რომ გადავიდნენ, ათას რამეს აკეთებენ, რომ მერე ამ ქვეყნიდან გააღწიონ. ეს რა გზავნილი არის იმ სტუდენტებისთვის, ვინც იურისტობას აპირებს.

პარლამენტში როდესაც თქვენი დამტკიცება მიმდინარეობდა, მაშინ გისურვეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით პირველი პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის 30 წლის მანძილზე, რომლის სახელთანაც დაკავშირებული იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. დღესაც გისურვებთ ამას, რადგან არაფერი ქვეყანას ისე არ სჭირდება დღეს, როგორც ადგილი, სადაც ადამიანებს გამოუტანენ სასჯელს, ოღონდ ეს სასჯელი იქნება სამართლიანი. აღარ იქნება ეს გადმოკიდებული ბანერები, უბრალოდ კითხვის ნიშნები აღარ იქნება. თორემ პოლიტიკური ლიდერები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან საპატიმროში და ეს არ არის დიდი ტრაგედია, ოღონდ ვისაც განაჩენი გამოაქვს, მათდამი ნდობა რომ არ არის, ეს არის ტრაგედია. ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ვისთანაც საუბარია რეფორმებზე, ვფიქრობ, მთავარი, რითაც უნდა დაიწყოთ, ეს არის აღიარება. აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა და ვაპირებთ მის გამოსწორებას, მასთან გამკლავებას, მერე ვფიქრობ, ბევრად უფრო მარტივი იქნება იმ გზის გავლა, რომელზეც ვდგავართ და სადაც გვინდა, შევიდეთ. ეს არის ჩვენი ევროპული ოჯახი, ევროკავშირი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები