ევროპული კომისია ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადზე, თავის მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული კომისია თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე,  სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარადგენს.

„ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ის, რასაც ვიტყვი, საკმაოდ მოსაწყენი იქნება, რადგან მე უნდა ვისაუბრო პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ჩემი პროგნოზით, ეს მოხდება უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, ელჩმა პატივი მიაგო ქართველ სამხედროებს, რომელებიც ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას.

„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვო ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე. ასევე, პატივი მივაგო სამხედროებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ და ემსახურებიან არა მხოლოდ ამ ქვეყნის თავდაცვას, არამედ ევროპული ღირებულებების დაცვას გლობალურად – ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები